ევროკავშირის, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) და გავლენის ფონდ "აქციოს" მხარდაჭერით, 13 დეკემბერს, სოციალური საწარმო „ისტორიალის“ განახლებული სახელოსნო გაიხსნა და საზოგადოებას ახალი საკოლექციო ხაზი „თბილისური ისტორიული არტეფაქტები თანამედროვე აქსესუარებში“ წარუდგინა.
ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ სახელოსნოს საწარმოო პროცესებს და დაეთვალიერებინათ განახლებული სახელოსნოს ფარგლებში, თბილისის მერიის მხარდაჭერით შექმნილი ახალი კოლექცია - თრელის სამაროვანსა (ძვ წ.აღ XIII საუკუნის) და აბანოთუბანში, მირზა შაფის ქუჩაზე აღმოჩენილი ახ.წ.აღ.ის XI-XIII საუკუნეების ისტორიული არტეფაქტების თემატიკაზე შექმნილი აქსესუარები: ტყავისა და ტექსტილის ნაწარმი, კერამიკული თეფშები და დიდგვაროვანთა სამკაულები.
"ისტორიალის" მისია
სოციალური საწარმო „ისტორიალი“ 2000 წელს დაფუძნდა და მის მიზანს ქართული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, მხატვრული რეწვის ოსტატების დასაქმება და ტრადიციული ხელობის მომავალი თაობისთვის გადაცემა წარმოადგენს. ქართული კულტურის სექტორის ეკონომიკური მდგრადობისა და ცნობადობის ამაღლების მიზნით, „ისტორიალის“ გუნდი მრავალწლიანი გამოცდილებით უძველეს ისტორიას თანამედროვე დიზაინში აცოცხლებს.
აქციოს მხარდაჭერის შესახებ
„ისტორიალი“ CSRDG-ის მიერ დაფუძნებული გავლენის ფონდ "აქციოს" პორტფელის წევრია, რომელიც თავისი საქმიანობის მასშტაბების გაზრდით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებას უწყობს ხელს.
"აქციოს" მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა სოციალური საწარმოს გაფართოება და რეინვენტარიზაცია, რაც შესაძლებლობას აძლევს შემოქმედებით სახელოსნოს შექმნას სხვადასხვა ახალი კოლექცია, გამოყოს ახალი სამუშაო ადგილები დამატებითი ოსტატების დასასაქმებლად და ასევე, პროფესიული მასტერკლასებისა და არაფორმალური განათლების კურსების ჩასატარებლად.
აქციოსგან მიღებული მხარდაჭერით, ისტორიალს დაგეგმილი აქვს როგორც ეკონომიკური საქმიანობის გაფართოება, ისე სოციალური შედეგების გაზრდა.
პროექტის შესახებ
სოციალური საწარმო „ისტორიალი“ მხარდაჭერილია გავლენის ფონდ „აქციოს“ მიერ, პროექტის “თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ევროკომისიის (DG Near) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) და ვენჩურული ფილათროპიის ევროპული ასოციაცია (EVPA) ახორციელებენ.