კავკასიაში პირველი გავლენის ფონდი “აქციო” დაფუძნდა

ბაბალეს მისიაა  დაუნის სინდრომის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველყოფა დასაქმებისა და პროფესიული უნარების განვითარების გზით.

სოციალური საწარმო „ბაბალე“ დაფუძნებულია „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის“ მიერ.

 

აქციოს ინვესტიცია

აქციოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში ბაბალეს დაგეგმილი აქვს როგორც ეკონომიკური საქმიანობის გაფართოება, ისე სოციალური შედეგების გაზრდა. აქციოს მხარდაჭერით ბაბალე გეგმავს ხის, კერამიკისა და ტექსტილის სახელოსნოების მოწყობას, რაც მას საშუალებას მისცემს, სწავლების პროცესში ჩართოს დაუნის სინდრომის მქონე მეტი ახალგაზრდა და ხელი შეუწყოს მათ დასაქმებას როგორც ადგილზე, ისე ძირითად შრომის ბაზარზე.

აქციოსთან თანამშრომლობის შედეგად ბაბალე მიიღებს ორი სახის ფინანსურ მხარდაჭერას:

  • გრანტს 39, 915 ევროს ოდენობით;
  • 0%-იანი სესხს 9,791 ევროს ოდენობით.

დამატებით ბაბალე სიღრმისეულ მხარდაჭერას მიიღებს სოციალური შედეგების შეფასებისა და ორგანიზაციული განვითარების თვალსაზრისით.

 

ბაბალეს გეგმების შესახებ

მომდევნო 5 წლის მანძილზე ბაბალე გეგმავს შემდეგი სოციალური შედეგების მიღწევას:

  • შეიქმნება გამართული, დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული არტთერაპიის, პროფორიენტაციისა და მხარდაჭერითი დასაქმების პროგრამები;
  • არტთერაპიისა და პროფორიენტაციის პროგრამებს გაივლის 30 დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდა;
  • სტაჟირების პროგრამას გაივლის 20 დსმ ახალგაზრდა;
  • ბაბალეში დამატებით დასაქმდება 5 დსმ ახალგაზრდა, ხოლო ბაბალეს გარეთ - 10 ახალგაზრდა;
  • გაიზრდება დსმ ახალგაზრდების მზაობა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.

ეკონომიკური თვალსაზრისით, ბაბალე გეგმავს შემოსავლების სულ მცირე 30%-იან ზრდას.

 

ბაბალეს შესახებ

2015 წელს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობელთა გაერთიანებამ, სოციალური მეწარმეობა 10 000 ლარის გრანტის ფარგლებში დაიწყო, რაც თავდაპირველად პროექტის სახით ფუნქციონირებდა. 2018 წლის ივლისის თვიდან კი არსებობს, როგორც „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის" შპს "სოციალური საწარმო ბაბალე“. საწარმოს 100%-იანი მფლობელი თავად დამფუძნებელი ორგანიზაციაა. ბაბალეს მოგება ხმარდება ბაბალესა და ასოციაციის სოციალურ მიზნებს, ასევე რეინვესტირედება საწარმოს ფუნქციონირების გაუმჯობესებისთვის.

 „ბაბალე“ 2 სივრცეს აერთიანებს - შემოქმედებით სახელოსნოს, სადაც დაუნის სინდრომის მქონე (დსმ) ახალგაზრდები სპეციალური მეთოდოლოგიის გამოყენებით იღებენ განათლებას, საქმდებიან, ქმნიან პროდუქციას და სალონს - სადაც გამოიფინება და იყიდება ნამუშევრები.

სოციალურ საწარმოში მზადდება ხის, კერამიკისა  და ტექსტილის როგორც დეკორატიული, ისე გამოყენებითი ნივთები: ზარდახშები, საკანცელარიო ნივთები, ჩანთები, აქსესუარები, სხვადასხვა ფიგურები, სადღესასწაულო ნივთები და სხვა სახის პრაქტიკული, თუ დეკორატიული ნაკეთობები.   მასობრივი წარმოების პროდუქციიდან გამორჩეულია ბაბალეს წინდები და სამზარეულოს აქსესუარები (სუფრა, წინსაფარი და ცხელის ასაღები). მომსახურების თვალსაზრისით, ბაბალე ტურისტულ ჯგუფებს სთავაზობს დეკორატიული ნივთების დამზადების ვორქშოპებს.     

ბაბალეს პროდუქციის დათვალიერება და შეძენა შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე:

  • ბაბალეს შოურუმი: ალექსანდრე დიუმას ქ. N21, თბილისი
  • სოციალური კონცეფციის მაღაზია ესკი - ნატო ვაჩნაძის ქ. N7, თბილისი
  • https://babale.ge/
  • https://www.facebook.com/babalestore   

ბაბალეს ფინანსური მხარდაჭერა შესაძლებელი გახდა ჩვენი პარტნიორების - ევროკავშირისა და გავლენის ინვესტორების ფინანსური კონტრიბუციით. ბაბალესთვის ამ შესაძლებლობის შექმნისთვის მადლობას ვუხდით ევროკავშირსა და აქციოს გავლენის ინვესტორებს: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემბისი-ს, ნიკოლოზ ალავიძესა და ლადო საყვარელიძეს.