კავკასიაში პირველი გავლენის ფონდი “აქციო” დაფუძნდა

ევროკავშირი და CSRDG ხელს უწყობენ საქართველოში მოწყვლადი ჯგუფების შრომით ინტეგრაციას, განათლებას, გარემოსდაცვასა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და განვითარების ეტაპზე მყოფ სოციალურ საწარმოებს აძლიერებენ ამ მიზნით შექმნილი გავლენის ფონდ „აქციოს“ მეშვეობით.

„აქციო“, ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის(CSRDG) მიერ 2022 წელს დაფუძნებული გავლენის ფონდია, რომლის მიზანია შექმნას ხელშესახები, დადებითი სოციალური გავლენა სოციალურ საწარმოებთან, გავლენის ინვესტორებთან და პარტნიორებთან ერთად როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენის თვალსაზრისით.

გავლენის ფონდი ხელს უწყობს მოქმედი სოციალური საწარმოების განვითარებას და სთავაზობს 2 სახის ფინანსურ მხარდაჭერას, ასევე, მათ საჭიროებებზე მორგებულ ტექნიკურ დახმარებას, გავლენის შეფასებასა და მართვას.

მიმდინარე მდგომარეობით, „აქციოს“ მობილიზებული აქვს 1 200 000 ლარი და მათგან 500 000 ლარამდე უკვე ინვესტირებულია მის პორტფელში მყოფ 4 სოციალურ საწარმოში, როგორიცაა ბაბალე, ტენე, ჩემპი და ისტორიალი.

საანგარიშო პერიოდში (2023 წლის 1 იანვარი - 2024 წლის 30 ივნისი), ევროკავშირის მხარდაჭერილი გავლენის ფონდ „აქციოს“ მხარდაჭერით, სამიზნე სოციალურმა საწარმოებმა განავითარეს წარმოება, შექმნეს სრულიად ახალი პროდუქტი და მომსახურება, ასევე, გაამრავალფეროვნეს არსებული შეთავაზებები. ბიზნეს საქმიანობის განვითარება კი მათ სოციალურ და გარემოსდაცვით შედეგებზე დადებითად აისახა. კერძოდ:

„ბაბალე“: დაუნის სინდრომის მქონე (დსმ) პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის, დასაქმებისა და პროფესიული უნარების განვითარების უზრუნველყოფისთვის, “აქციოს” ფინანსური მხარდაჭერით, ბაბალემ  გააფართოვა საქმიანობის მასშტაბი, გააუმჯობესა საწარმოს მართვის პროცესები, გაამრავალფეროვნა არსებული პროდუქტი და განავითარა სრულიად ახალი პროდუქცია (კერამიკის ხაზი) და მომსახურება. შედეგად, სოციალური საწარმოს წლიური შემოსავალი 24%-ით გაიზარდა.  ასევე, პირველად საქართველოში, „ბაბალემ“ შეიმუშავა დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდების „პროფორიენტაციისა და კარიერული მხარდაჭერის“ ოთხსაფეხურიანი პროგრამა. პროგრამამ შესაძლებლობა მისცა საწარმოს, რომ კომპლექსურად და გეგმაზომიერად დაეწყო ისეთი სოციალური შედეგების მიღწევისკენ სვლა, როგორებიცაა: დსმ ახალგაზრდების პროფესიული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობა.

„ისტორიალი“, რომლის მისიაა ქართული კულტურის მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობის სექტორის ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია, სამკაულის, დეკორატიული და სასაჩუქრე პროდუქციის შექმნით, საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას აცნობს, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ადამიანებს. „აქციოს“ ფინანსური მხარდაჭერით, „ისტორიალმა“ განაახლა საიუველირო სახელოსნო, რაც საწარმოს შესაძლებლობას აძლევს გაზარდოს ლითონის ნაკეთობების ადგილზე წარმოება და ხელი შეუწყოს ოსტატების პროფესიულ განათლებასა და გაძლიერებას.  საანგარიშო პერიოდში, „ისტორიალმა“ ასევე გაამრავალფეროვნა პროდუქცია, შექმნა ორი ახალი საკოლექციო ხაზი, განაახლა ნაკეთობების ექსპორტზე გატანის შესაძლებლობების მოსინჯვა  და ამასთანავე, სამიზნე ჯგუფებისთვის დაამატა თემატური მასტერკლასების ახალი მომსახურება.

„ჩემპი“ ზრუნავს გორის რაიონში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებაზე და ინოვაციური ჯანსაღი სასუსნავების, ვაშლის ჩიფსების, წარმოებით ხელს უწყობს, ერთი მხრივ, სოფელ დიცში და მიმდებარედ მცხოვრები ქალების დასაქმებას, ხოლო, მეორე მხრივ, ადგილობრივი პროდუქციის შესყიდვით,  ფერმერული მეურნეობის და მათ შორის, უნარჩენო წარმოების განვითარებას. „აქციოს“ მხარდაჭერით, სოციალურმა საწარმომ ახალი დანადგარები შეიძინა, რომლის შედეგადაც „ჩემპის“ წლიური წარმადობა 2.5-ჯერ გაიზარდა.

„ტენე“ პირველი, ქართული, USB კაბელის ეკომეგობრული საწარმოა და მიზნად გარემოს პლასტმასით დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლას და გარემოსდაცვით საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ისახავს. „აქციოს“ მხარდაჭერით შეძენილი სატრანსპორტო საშუალებითა და ტექნიკით, სოციალური საწარმო აფართოებს პლასტმასას ჩაბარების პუნქტების მოწყობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. საანგარიშო პერიოდში, „ტენემ“ ყოველთვიურად შეგროვებული პლასტმასას რაოდენობა 2-ჯერ გაზარდა. ასევე, 2000-დან 5300-მდე გაიზარდა ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ახარისხებენ და აბარებენ პლასტმასას, ხოლო 200-დან 350-მდე - სკოლებსა და ორგანიზაციებში განთავსებული მწვანე ყუთების რაოდენობა. „ტენე“ წეროვანში მდებარე ქარხანაში ასაქმებს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომით დაზარალებულ, იძულებით გადაადგილებულ პირებს და გარემოსდაცვით შედეგებთან ერთად, ხელს უწყობს მოწყვლადი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას.

„აქციოს” სოციალური საწარმოების ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესაძლებლობას  ევროკავშირის დაფინანსება და გავლენის ინვესტორების ფინანსური წვლილი აძლევს. გავლენის ფონდის ამბიციური გეგმაა, 2023-2027 წლებში მდგრადი ბიზნეს მოდელის მქონე,  სულ მცირე, 10 სოციალური საწარმოს გაძლიერება, როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენის თვალსაზრისით. ამ მიზნის მისაღწევად, „აქციო“ განაგრძობს სოციალური საწარმოების შერჩევის მომდევნო ეტაპს და გავლენის ინვესტორებთან აქტიურ კომუნიკაციას. 

გავლენის ფონდ „აქციოს“ გავლენის ანგარიშს სრულად გაეცნობით აქ.

გავლენის ფონდი „აქციო“ დაფუძნდა 2022 წელს,  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის“ ფინანსური და ტექნიკური ხელშეწყობის შედეგად  „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) მიერ. ფონდის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს პროექტის წამყვან განმახორციელებელ ორგანიზაციას „Impact Europe“, რომელიც მნიშვნელოვან ძალისხმევას სწევს აღმოსავლეთ ევროპაში სოციალური გავლენის მქონე ინვესტირების ეკოსისტემის განვითარებისათვის.

 

* “აქციოს” გავლენის ანგარიში შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.